შენ ჩემი დღესასწაული ხარ!
ნატო ინგოროყვა


რაინერ მარია რილკე და ლუ ანდრეას სალომე მიუკერძოებლობა ალბათ ღირსებას შემატებდა წერილს, ოღონდ, ამ კერძო შემთხვევაში , საამისოდ თავს ვერ გამოვიდებ, რადგან მთხრობელი იმავდროულად შემფასებელიც ვიქნები. ხოლო შეფასების ცდუნებაზე - რასაც უფრო შევეჩეხები, ვიდრე გვერდს ავუვლიდე, - შეგნებულად უარის თქმაა, ვინიცობაა, ამბავის ნამდვილობის გაკოტრების ხარჯზე მოხდეს.  ასეა თუ ისე, საკუთარ წარმოდგენათა მართებულობის დასასაბუთებლად რომ არ გავისარჯები, გულდაჯერებით გპირდებით.  ლუიზა (ლუ) ანდრეას სალომე 1861 წელს პეტერბურგში დაიბდა. მშობლები, რუსეთში გადახვეწილი გერმანელ თუ დანიელ თავად-აზნაურთა შთამომავალნი, თუმცა კი გერმანულად მეტყველებდნენ ოჯახში, თავს რუსებად ასაღებდნენ.  ხუთი ვაჟიშვილის შემდეგ ნანატრი ქალიშვილის შეძენა განსაკუთრებული სიხარულით მამას, რუს გენერალს, ნიკოლოზ პირველთან ფრიად დაახლოებულ საიდუმლო მრჩეველს, გუსტავ ფონ სალომეს აღუნიშნავს.  მამისა და ძმებისაგან განებივრებულ ლუიზას სიყრმიდანვე გამორჩეული დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა მამაკაცების მიმართ, ყოველ მათგანში მეგობარსა და ძმას ხედავდა და ქალური კეკლუცობა, ყელყელაობა, ფხუკიანობა და დამატყვევებელი ჭირვეულობა მისთვის უცხო იყო. ბუნებრივია ასეთმა დამოკიდებულებამ შემდგომი შესაფერისი გამოძახილი ჰპოვა.  გოგონა, შინაურობაში ლელია, რუსმა გადიამ და ფრანგმა გუვერნანტმა აღზარდეს.  სიყმაწვილე (მოზარდობაც) ლუ ანდრეას-სალომემ ევროპაში გაატარა.  დოსტოევსკის, ნიცშესა და ცნობილი ”რუსული სულიერების” შესახებ შექმნილმა წიგნებმა ლუს გერმანიაში გარკვეული სახელიც მოუხვეჭა.  როცა რუსულმა რევოლუციამ მისი ქონებაც შეიწირა, ფსიქოანალიზი გაიხადა საქმიანობად.  ყოველივე ეს, მეტ-ნაკლებად სასიამოვნო ცნობები, მხოლოდ და მხოლოდ ლუიზა ლუ ანდრეას-სალომეს ყოფითი სახის ანუ ნიღბის (რისი განცალკევებაც საზოგადოდ უფრო შეუძლებელია, ვიდრე შესაძლებელი) წარმოსაჩენად. და თუ ჩემი ვარაუდი მცდარი არაა და ჩვენი თხრობის საგნისთვის ზემოთ მოყოლილს (მცირე რამ საგულისხმოს გარდა) არსებითი მნიშვნელობა მართლაც არა აქვს, არც იმდენად დაამძიმებდა თქვენს სმენას, საბოდიშოდ მქონდეს საქმე.  კეთილი: "ძალისაებრ ვიპყროთ წესი თხრობისა." როგორც ამბობენ, ლუ სალომეს ყველაფერზე მეტად გამოარჩევდა უნარი, "შემოქმედებითად ემეგობრა" თავისი დროის უნიჭიერეს, უცნობილეს და უწარჩინებულეს ადამიანებთან:  ის მეგობრობდა ფრიდრიხ ნიცშეცთან, "ასე იტყოდა ზარატუსტრა" - გარკვეულწილად სალომეს "გავლენითაც" შექმნილა (შეუქმნია ავტორს);  მრავალწლიანი მიმოწერა ჰქონია ზიგმუნდ ფროიდთან, რომლის ერთ-ერთი ყველაზე - ასე ამბობენ - "ახლობელი" და "საიმედო" მოწაფე ყოფილა:  მასთან გულისხმიერი საუბრები დაუჭერიათ იბსენსა და ტოლსტოის, ტურგენევსა და ვაგნერს....  და კიდევ, ოღონდაც არა ბოლოსდაბოლოს, პაულ რეს, თავის დროზე ცნობილ ფილოსოფოსს თვითმკვლელობასაც მის სახელს (ან იქნებ იმ "არაქალურ" შეხედულებებს, სიყრმიდანვე რომ ჩამოუყალიბდა ლუიზას) უკავშირებენ...  ლუ ანდრეა-სალომე ზეშთამაგონებელი და ამავდროულად აღმასრულებელი იყო იმ სასჯელისა, რომელიც თითეულმა სათავისოდ აირჩია!  "ორი რამ აღაგზნებს ჭეშმარიტ მამრს: ხიფათი და თამაში. ამიტომაც დაეძებს იგი ქალს- ყველაზე სახიფათო სათამაშოს."- უთქვამს ნიცშეს.  ლაბირინთებში მოხეტიალე ადამიანი არასოდეს ეძებს გამოსავალს, მაგრამ, ყოველთვის არიადნას, ნებით თუ უნებლიეთ, ლუ სალომემ აჩვენა ნიცშეს, რომ სახიფათო თამაშის გამთამაშებელი არიადნა თვითონვე ხდება ლაბირინთი.  "სახიფათო სათამაშოს" (ხიფათიანი თამაშისაც) ძიებამ მიიყვანა 21 წლის რილკე (ჯერ კიდევ რენე) რაინერად მოგვიანებით, ნაპოვნი "სათამაშოს" რჩევით (თუ თამაშის გულის მოსაგებად იქცევა) 36 წლის ლუიზასთან, ქალთან, ვისაც, პოეტის წარმოსახვით, ნებელობაც ჰქონდა და, რაც არანაკლებ საყურადღებოა, ძალმოსილებაც "მიჩუმათებული ზარებისთვის შემოეკრა."  რილკესა და სალომეს უცნაურმა სიახლოვემ, გააოცა თანამედროვენიც და და ბიოგრაფებიც. როგორ შეძლო დაემორჩილებინა ახალგაზრდა რილკეს ქალი, რომელსაც ხელეწიფებოდა ადამიანის დამუნათება, ფხიზელი ჟესტით გრძნობის მოკვლა და განშორება, ყოველგვარი დამშვიდობებისა და ახსნა-განმარტების გარეშე. ქალი, რომელსაც, წლობით ეჭირა შეუბრალებელ დისტანციაზე უამრავი უჩვეულო თაყვანისმცემელი და ორმოცდაათი წლის პროფესორი მეუღლე- ფრიდრიჰ კარლ ანდრეასი. და თუ ნიცშესთვის ანდრიას-სალომე "აბსოლიტური ბოროტება" და "იდეალური მეგობარი" იყო, რილკესთვის ერთროულად საყვარელიც, სულის ბჭეც და დედაც.  ის ვისაც ლოცვებში მიმართავდა.  ის ვისი წყალობითაც აღიქვამდა სამყაროს:  "ჩემო გაზაფხულო, მინდა დავინახო სამყარო შენით, რადგან მე დავინახავ, არა სამყაროს, არამედ შენ, შენ, შენ...  შენ ჩემი დღესასწაული ხარ... მე შენი ვარ, როგორც სკიპტრა, რომელიც დედოფლის საკუთრებაა. თუმც, მე ვერ გაგხდი მდიდარს. შენი ვარ, როგორც უკანასკნელი მომციმციმე ვარსკვლავი, რომელიც ღამეს ეკუთვნის, ღამემ კი არაფერი იცის მასზე და ვერც ამჩნევს მის ელვარებას ."  ლუს მიზეზით მოიპოვა შესაძლებლობა რილკემ ხორცშესხმული ოცნება ან ნაოცნებართან მიახლოვებული სინამდვილე მიენიშნა თავისთვის.  "ოდესმე, თუნდაც საკუთარი სურვილის ჯიბრზე,  ჩავიდენ იმას, რაიც სხვათა კადნიერებას  ვერ გაუბედავს თვით თავგასულ ოცნებებშიც კი!  შემინდე, ღმერთო, ქედმაღლობა თუ ჰქვია ამას!  და თუ ეს მხოლოდ სიამაყეა,  ნება მომეცით, ვიამაყო ჩემი ლოცვებით!"  - მისწერა რილკემ საკუთარი განსხეულების მაძიებელ ოცნებას, ახლო მომავალში ლუ ანდრეას-სალომეს რომ ჩაანაცვლებინებდა, წარადგენინებდა და განასახიერებინებდა:  "დავეხეტებოდი ქუჩა-ქუჩა ვარდებით ხელში თქვენთან შეყრის გაუსაძლისი სურვილითა და შიშით აცახცახებული" - მისწერა რილკემ ახალგაცნობილ ლუს, სავარაუდო ღვთაებას!  "მიყვარხარ უსაგნო სიყვარულით"- წერდა რილკე უკვე საკუთარი ნებით და უნებობით (რაც უფრო ნიშნეულია) გაღმერთებულ ლუს:  სიყვარულის "უსაგნობა" (აქ), სიყვარულის ჭეშმარიტებას აღნიშნავს, არა, მეჭველ, სხვადასხვა მოსაზრებებით საძირკველგამაგრებულ (რასაც ჩვენი ყოფიერება საკუთარ ბუნებაში გაურკვევლობის გამო ჰგუობს) სიყვარულს, არამედ, იმ რწმენაზეც მეტია და მეტადრე, სიცოცხლის უმიზეზობაზე, რადგან უკვე "მე" და "შენ" კი არაა, არც ვითომ ამაღლებული "ჩვენ," არც "ნახევარი" და არც "მთელი", არამედ ერთიანი ყოველივე!!!  "ადამიანი მოკვდავი ღმერთია, ღმერთი-უკვდავი ადამიანი." - ამბობდა შეყვარებული რილკე და მისი სიყვარული იყო ნიმუში ჭეშმარიტი მორწმუნეობისა, რადგან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე (იმ ღვაწლით, თავისთავად რომ არსებობს შენში და ყოველგვარ მცდელობას გამორიცხავს) საკუთარი სიყვარულის ილუზიებისაგან, განსაზრვრულობისაგან და თანდაყოლილი თუ შეძენილი წარმომავლობისაგან გამოეთავისუფლებინა.  "გიყვარდეს,"- ბანს აძლევდა რილკეს ანდრიას - სალომე, - ნიშნავს, იცოდე სატრფოზე იმდენი, რომ რჩეული "სამყაროს ფერი" ანუ საგანთა, ასევე მოვლენათა აღქმის უნარი აღარ იყოს შენთვის არც უცხო, არც უცნაური, არც საზარი, არც გულცივი და არც ცარიელი, არამედ თვინიერი, ვითარცა სამოთხეში დავანებული მხეცი.  ამიტომაცაა სიყვარულით შთაგონებული ყველაზე მშვენიერი სიმღერები უცილობლადაა შეკაზმული ვნების მარილით და ისეთი ეროტიკით, როცა სატრფო მხოლოდ თავისთავი კი არაა, არამედ მთელი ქვეყნიერება, ვითარცა წყალში მთვარის ნაზი შუქის ლივლივი და ფოთლის თრთოლვა."  რამეთუ, როცა სიყვარულში მხოლოდ საკუთარი არსება, ან საკუთარ თავზე აღმატებულობა, ან თუნდაც საკუთარი სიყვარული გიყვარს, - რილკესეული ხედვით, - სიყვარული კი არაა, მხოლოდ წარმოდგენაა იმ სიყვარულის, რომელიც ოდენ შენი მაძიებელი ბუნებრიობის საკუთარ არასრულყოფილებასთან მოსარიგებლად მიიღე.  სიყვარულში, ისევე როგორც ხელოვნებაში, უმჯობესია უარის თქმა, ვიდრე უნიათო არსებობა. უმჯობესია, გჯეროდეს, რომ უმაღლესი ბედნიერებისა და სიყვარულის მონაცველობა, როგორც ხელოვნებაში ბუნებრივია. და მაინც, გრძნობების რხევა, ძნელი გადასატანია, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი ფაზები, ორ ადამიანში არ ემთხვევა ერთმანეთს.  1926 წლის 29 დეკემბერს, შვეიცარიაში, მონტრეს მახლობლად მიიცვალა რაინერ მარია რილკე. "მშვიდობით ძვირფასო ჩემო!"- რუსულად მისწერა თავისი უკანასკნელი სიტყვები ლუ ანდრეას სალომეს, "მოკვდავ ღვთაებას." მეოცნებე რილკემ საკუთარ არსებობას ერთადერთი მიზანი გამოუძებნა - მის მიერ გამოგონილი თამაშის ყოველი წესის ზედმიწევნით დაცვა, რადგან მხოლოდამხოლოდ წესიერება, ანუ განუსჯელი უშუალობით თამაში მიგვიყვანს საუფევლამდე - თავისთავთან ანუ, პირველსაწყისის ცვალებად შეუცვლელობასთან ერთიანობამდე! არის მრავალი რამ, რისი მეშვეობითაც, შესაძლოა, დაუზავდე, გაურიგდე, გაუთანასწორდე, შეესისხლხორცო კიდეც თავისთავს, რაიც საკმარისია, საკუთარი ანარეკლი იხილო, ნამდვილად ტყუპისცალივით მიმსგავსებულიც კი, ოღონდ არა ჭეშმარიტი არსი შენი, როგორც ერთიანი ყოველივესი, ანუ სულიწმიდა.  "მთელი ცხოვრება ვსწავლობდი, ვმუშაობდი... რისთვის?"- წერდა ცხოვრების შემოდგომაზე ლუ თავის მოგონებებში. მას ჰქონდა უბადლო ნიჭი შემოქმედი ადამიანი გაეხსნა და გაეხარჯა ბოლომდე. ოღონდაც, არასდროს მისცემია გრძნობებს, რომლებიც ბობოქრობდა მასში და მის გარშემო. ამიტომაც თავის ბოლო ჩანაწერებში აფრთხილებდა ყველა ქალს, ებრძოლათ იმისათვის, რომ ყოფილიყვნენ უბრალოდ ადამიანურად ბედნიერნი.  კეთილი. გონივრულად მიმაჩნია აქ დავასრულო თხრობა, რათა - უფრო უნებლიედ, ვინემ ნებით - კიდევ უფრო არ გავაბუნდოვნო ის, რაც ჩემი გარჯის გარეშეც საკმარისად გაუგებარია ჭეშმარიტების მისაჩნევად, როგორც ამოუხსნელი ღვთაებრივი ნება - სიყვარული, რომელიც არა პასუხს, არამედ ოდენ იმედს (ან რწმენას) მოითხოვს: "რომ ვიღაც დიდი მეოცნებე და შერეკილი, შეიყვარებს რა, მადლიერი ნეტარების უმიზეზობით, ლოცვისა, ზე, მთიებისკენ აღაპყრობს ხელებს და არც იკითხავს, სიყვარულს სიხარული მოაქვს თუ ტანჯვა!"

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.