თუ აქანდაკებ,
უფრო მძლავრად მოუქნიე ეგ საჭრეთელი.
გული მშრალი აქვს,
არ მგონია, სისხლი დასტყუო.
გადაუზომე მიწა ნაჭრებად,
გაუთხარე შენში საფლავი
და დაარქვი საფლავს - სამშობლო.
ემუქრებოდეს რომ მომავალი,
გაუჩინე უთუოდ შვილი.
დაურღვიე საზღვარი სიკვდილს,
რომ შვილებმა ისევ გიშვილონ
და არ გალოკო მარტოობა, როგორც - შიმშილი.
მიეცი ქრთამი უძილობას,
ყველა ამინდში იქონიე ცოტა - სინდისი.
უარი უთხარ ვუალსა და აქსესუარებს
ნუ აგრძნობინებ, რომ ის არის მხოლოდ - დესერტი.
გამოუგონე მომავლის საქმე, მოიგონე მეორე - ”იგი”.
თიხისაა, დაიმორჩილებ.
შემოგეკვრება კანზე ისე, როგორც მშობელი.
გარდაიქმნება უხილავად მერე ხილული,
რომ აცხოვრო ვულკანის ყელზე,
თუ აუხსნი სიმშვიდის მიზეზს,
მისცემ ყავარჯენს სულისათვის,
არ დასჯი იმით, რომ სიღმეში ვერ შემოგყვა -
ყველაფერი ზედაპირზე აქვს,
გამოიჭერ ამით ბედნიერს,
დაიყოლებ სიმარტივეში
და რომ იფიქრებ, იფიტება თამაშ-თამაშით,
გადაანაცვლებს მზერას მზერაზე,
უფრო მარტივად - გაეხსნება ორმაგი მზერა,
ადგება და ამ საჭრეთელს თვითონ მოგიქნევს.
ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.