უკან დაბრუნება
გაკვეთილი - გამეორებით

 

 

ნუ დამაჯერებ

 

რომ გზა ყოველთვის ჯვარედინია

და გაქცევა - ოცნებების დასასრული.

 

რომ მარჯვნივ წასვლა

მარცხნივ წასვლის ტოლფასია.

 

არჩევანი სინანულია,

სინანული კი - გულუბრყვილობა.

 

ნუ დამაჯერებ

 

რომ გამოცანა მთავრდება ამოხსნით,

რომ სინამდვილეს არც წარსული აქვს

და მით უფრო - არც მომავალი.

 

რომ „მარტო დარჩენა“ მხოლოდ მათვისაა,

ვინც კედლების აშენება ისწავლა,

ხიდად კი ვერ გადაეგო.

 

ნუ დამაჯერებ

 

რომ ის უფრო ბედნიერია, ვინც ირჩევს

და არა ის, ვინც აძლევს ნებას,

იყოს არჩევანი.

 

ნუ დამაჯერებ

 

რომ შემიძლია

გავიმეორო განვლილი მასალა

და შეცდომების გასწორებაც შემიძლია.

 

ოღონდ ახლა

ისე ვეღარ, როგორც ბავშვობაში

აქ ვერავისგან გადაიწერ,

აქ დარდს ვერავის გადააწერ.

აქ უნდა ეცადო

ფრთხილად დააშრო,

სწორხაზოვნად გაჰყვე,

უჯრაში ჩაეტიო

 

და დაიჯერო,

რომ დაემსგავსე იმ უკანასკნელ ადამიანს

რომელსაც ჰგონია,

რომ ყველაზე დიდხანს იცოცხლა.

 

და მაინც

 

როცა სიტყვები წონასწორობის სასწორზე დგება,

იქით გადაწონის,

სადაც შეცდომებია დაშვებული.

 

გამოცდილია.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.