უკან დაბრუნება
ვიდრე

 

ჩერდება ლექსი,

დრო აქვს სიჩუმის.

 

 

გათენებამდე კიდევ დარჩა საათი - ორი.

იქნებ მათხოვო შენი სიტყვა დილის შვიდამდე.

 

ვიდრე -

 

სიტყვაზე ვენდობი სიტყვას.

 

ვიდრე -

 

ხსოვნა სიკვდილივით სკამზე არ ჩამომიჯდება და

სხვათა სიტყვით, მესამე პირში დამიწყებს საუბარს.

 

ვიდრე -

 

სიკვდილისგან გამოთავისუფლებული დრო - სიცოცხლე -

საკიდარს მიღმა დარჩენილი საწვიმარივით არ დამრჩება.

 

ვიდრე -

 

ჩემი ბავშვობის თოჯინების სიჩუმეს ვთარგმნი და

საგულდაგულოდ არ ვიმალები, რომ დამავიწყდეს, სად ვარ.

 

 

ვიდრე -

 

აღარ დამაქვს ძველი კაბები ნაცნობ მკერავთან,

ვიკერავ ახლებს, (ოღონდ არა გულამოღებულებს),

ზურგმოხდილებს, რადგან მივდივარ და ვიცი -

 

თვალს გამომაყოლებ.

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.