უკან დაბრუნება
სახლი

ეს სახლი, დაღლილი ერთ ადგილზე დგომით,

დაღლილი ლოდინით, სიკვდილმისჯილების აშენებულია.

ფანჯრებზე გისოსებად შემოსაღებული სიმშვიდე,

რომ აღარაფრის უნდა გეშინოდეს - ილუზიაა,

უმი სურვილებით ნაკვები,

სინედლე რომ შეინარჩუნოს.

 

ამ სახლში ცხოვრობს ისტორია, რომელიც

აღარ გახსოვს საიდან დაიწყო, როდის მოვიდა,

თუ თვითონვე გამოიგონე, რადგან მას

უყვები მხოლოდ საკუთარ თავს,

დღემდე მეტი არავისთვის გაგიმხელია.

 

ამ სახლში შენი ხმა ისე ისმის,

თითქოს იმ ქვეყნიდან ლაპარაკობ, სადაც ზამთარია,

აქ კი - ზაფხული, ხოლო ბგერებს ისეთი ჟღერადობა აქვთ,

რომ მეზობელ ოთახში ხარ.

კარადაში დამალული ბავშვივით არ გცემ ხმას,

გულისცემას ვუთვლი სახლს.

 

ამ სახლში არაფერი მოგაქვს,

მხოლოდ მოგონებები, _ ის, რისგანაც შედგები.

მხოლოდ ხსოვნა, რომელსაც არასდროს უღალატებ.

აღარ გადარდებს, ვინ შეავსებს ამ ოთახს,

როცა აღარ იქნები აქ და ამ ქვეყანად.

 

ამ სახლიდან მიდიხარ სადღაც, გაურკვეველში,

სადაც შენი აჩრდილი ყოველთვის წინ გისწრებს

და ცხოვრებას, რომელსაც ხსნიდი განმარტებებად,

დროს, რომელსაც ასწრებდი და დიდობას ჩქარობდი,

დარჩა როგორც სადგური, ბოლო მგზავრით დაღლილი,

და ლოდინით დაღლილი,

და სიკვდილით დაღლილი,

და ვიდრე დანგრეულა,

დაანგრიო უნდა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.