უკან დაბრუნება
მარტივი

შენ თქვი: აქ ერთფერია.

მე გითხარი: მოდი, გავაფერადოთ.

ჩვენ - ავჭრელდით.

 

ამ სიჭრელემ თვალი მოსჭრა

ჩემიანებს,

შენიანებს

და მათ,

ვინც მხოლოდ ორ ფერს ხედავდა.

 

შენ თქვი: სეზონურია ყვავილების სიყვარული.

მე გითხარი: ისინი არ ჭკნებიან ახალი ყვავილების მოსაყვანად.

 

ვერ დავუდექით საკუთარ თავს მაშინ თავდებად.

ჩვენ გავაჩუქეთ სიტყვა - მიყვარხარ,

როცა იგი თავად არ გვქონდა.

 

შენ თქვი: ვიცხოვროთ წიგნის გმირებივით.

მე გითხარი: მათი ამბები უფრო გულწრფელია, ვიდრე დამწერი.

და ვაღიარეთ: როცა მოვკვდებით, ის ვიქნებით, ვისაც უმართლებს.

 

 

შენ თქვი: უნდა მოგეხვიო.

მე გითხარი: ზურგიდან უფრო იოლია.

 

 

ტყუილი ფეხის წვერებზე დგება.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.