უკან დაბრუნება
09. 09. 2009

გარისკე,

კიდევ ერთხელ გაუსინჯე გემო.

დაარქვი თუნდაც - სინანული.

 

შედიან ერთ მდინარეში ორჯერ,

მდინარე - გამდინარეა.

 

ღმერთებიც ისვენებენ

იმედგაცრუებიდან - იმედგაჩენამდე.

 

გააჩუქე შენი სიტყვების მარაგიდან

ყველაზე არაზუსტი - ”მონატრება”

ან - ”სიყვარული”.

 

გამოუტყდი, რომ სხვებზე კარგი კი არა,

უბრალოდ - სხვაა.

 

რადგან:

 

ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ჰკითხო ის,

რაც უნდა ჰკითხო.

ხომ შეიძლება ერთხელ მაინც ის გიპასუხოს,

რაც უნდა გითხრას.

არ დააყენოთ დამნაშავედ კუთხეში სიტყვა:

რაც ვერ უთხარი

და რაც ვერ გითხრა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.