უკან დაბრუნება
სარკმელი

ხსოვნა - მოსაწყენი გამოცდილებაა,

არაფერია იქ ნედლი და მოულოდნელი.

დაცულია სიტყვისგან - რისკი.

 

ნანგრევების ქვა

შეყვარებულია წარსულზე და

ვერ თავისუფლდება მისგან.

 

აქ იყო დრო,

დარჩა - ადგილი.

არ იწმინდება ფიქრი

მტვრის ფენებს შორის,

შარშანდელი და დღევანდელი.

 

ამოგხედავენ მობეზრებული ნივთები შიშით.

 

აქ იყო კარი.

დარჩა - ფანჯარა.

და როცა კარგავ, გიხარია,

რადგანაც გჯერა: ეს უკვე მოხდა.

 

 

ვერ იხანგრძლივებს ჩასაფრება ნეტარებას.

 

ესაა მეხსიერების თვისება -

მოჰყვები თავიდან თუ ბოლოდან,

მაინც არაფერი იცვლება.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.