უკან დაბრუნება
ამინდი

წერდნენ ჩვენამდე:

წვიმაზე,

ქარზე,

ნალექზე,

 

მოკლედ - ამინდზე.

 

ჩვენც ვწერთ და

დავწერთ:

რომ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ

გაუქმებულია -

თოვლი და წვიმა.

 

რომ აღარ დაგვაქვს ერთად -

ქოლგა და მარაო.

 

რომ წვიმის წყალით

რა ხანია

ვერ ჩამოვრეცხეთ მიწას სირცხვილი.

 

ცამ შეკრა პირი.

 

რომ დავათბეთ დედამიწა

ჩვენი სიშლეგით,

თან - გავახურეთ

და დავთმეთ:

 

საყვარელი სეზონი

და სიყვარული - სეზონურად.

 

თუმც ამ დათბობამ

ვერ უშველა სიცივეს - შიგნით,

 

რომ ხელისგულებს

გადაავიწყდათ ხელჩაკიდება,

რომ ჩახუტების თერაპია

ვირუსმა დააფრთხო

 

და

რომ ამინდმაც მიგვატოვა

 

და

ადამიანი ისევ მარტოა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.