უკან დაბრუნება
ამინდი გარდაცვლილთათვის

 

 

- დედა, გარდაცვლილებს ესმით, რას ამბობს ის კაცი რადიოთი?

- მათ ყველაფერი ესმით.

 

დღეს წვიმაა გამოცხადებული -

დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.

 

 

აქ - ჩემი ბავშვობის გაჩერებაა.

ეს ხმა იქიდან მომყვება.

ცოცხლებზე ადრე იგებენ გარდაცვლილები

მოსალოდნელ ამინდს.

 

 

მჟავეა წვიმა უდროოდ წასულებისთვის,

რადგან აქ -

არავინ დაიჯერა მათი დროული სიკვდილი.

 

წყლით ევსებათ ღვინის ჭურჭელი,

ვისაც არ ჩაუწეს ღვინოში პური.

 

 

ჩაიწვებიან სანთლები თავდახრილი.

 

წითელი კვერცხიც გაგორდება.

 

საღებავია სისხლი.

 

თბილისის დროით 12 საათია.

დღე - პარასკევი.

 

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.