უკან დაბრუნება
საშინაო დავალება ქალიშვილებისათვის

 

ქარო ადექი, ჩადექი,

შენი ქმარი ავადაა.

ადრე მიხვალ - მორჩება,

გვიან მიხვალ - მოკვდება.

 

(ბებიაჩემის შელოცვებიდან)

 

 

ეს - ქარების ქალაქია.

აქ - ყველა ქუჩის მოსახვევიდან იდუმალება იხედება

და თავისკენ გიხმობს.

 

აქ - მრავალჯერ უყვარდათ პირველად და

უყვარდათ - ერთადერთხელ.

ის - სიყვარულის ზღვას შეურთდა.

 

ზღვამ უკან დაიხია.

 

ეს გზა

კოშკის რვა სართულად განაწილდა.

 

ამობრუნებულია ფეხისგული,

მოქნეულია მათრახი.

 

მეც გავშალე ხელები გასაფრენად.

 

ვერ გადავეშვი.

 

ეს გზა

შენც უნდა გაიარო.

ოღონდ - ნუ გაიმეორებ.

 

გიყვარდეს უბრალოდ,

ასე:

 

თვალდახუჭულს.

ბაქო, 9 აპრილი, 2010 წელი

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.