უკან დაბრუნება
გზავნილი ჩეჩენ დედებს

მდინარე არღუნმა ჩეჩნეთისაკენ ხევსურეთში

ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ცხედრები წაიღო

 

 

ჩვენკენ -

 

ელდა ამოყარეს თევზებმა ქვირითებად.

თევზებმაც გააღეს პირი.

 

 

მდინარეს შიშმა დაუარა,

არღუნი წითელი მდინარეა,

წყალმა შეიცვალა ფერი.

 

 

თქვენკენ -

 

სიცოცხლე ნაფოტივით წამოიღო,

მკვდრები ცოცხლებს გვამხნევებენ,

გადარჩენილებს ვტირით.

 

სიკვდილი პირში ჩაგვიგუბდა,

სათქმელი ვეღარ ამოგვითქვამს,

ამ გემოს ერთნაირად ვიცნობთ

 

 

ერთად -

 

ვუმღეროთ ჩვენს შვილებს იავნანა,

 

ვუმღეროთ ჩვენს შვილებს იავნანა,

 

ვუმღეროთ ჩვენს შვილებს იავნანა,

 

მკვდრების იავანანა - ზარი.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.