უკან დაბრუნება
უბრალო დღე

ჩახურე ეს დღე ქოლგასავით.

მიუჩინე ადგილი - კუთხეში.

 

იწვიმებს ისევ

 

იქნება ჩასაკეცი ამბები

ჩაისა და ნამცხვარს შორის ჩასატევი

 

და

მე ვიქნები ადგილი,

სადაც ჩერდებიან

 

გამოდარებამდე.

 

ჩაკეცე ეს დღეც თავისი ღამით,

ნოტიოა შიში, რომელიც წამოგეწია,

როცა გარბოდი,

როცა საკუთარ თავს ასწრებდი.

 

დამალე და დაივიწყე

ხმა - რომლის სურნელიც დაგაქვს.

 

დაივიწყე სიტყვა - ”წესრიგი”,

როგორებიც იყავით შენ და

შენი ცხოვრება

 

და

 

იდექით ამაყები

სხვების ცხოვრების წინაშე.

 

დაივიწყე,

რომ ვიღაც გითვალთვალებს

შენს მოშინაურებულ უხერხულობებში

 

და

 

რომ შიშს

 

ისევ დიდი თვალები აქვს.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.