უკან დაბრუნება
რა გითხრა აბა

რა გითხრა აბა,

ყველა სიტყვა გადაზეპირდა.

დამიძველდა, გადამიტკბა როგორც ქიშმიში,

რომელსაც მუდამ მონდომებით ვაცლი ფუნთუშას.

რა გითხრა აბა,

ჩვენ ხომ ვერასდროს ვიყავით ”ორი”,

ხან მე ვიყავი მესამე და ხანაც შენ.

გასამებულებს როცა გვეძახდნენ,

ხმა ერთხელაც არ გაგვიღია

და არ ვიცოდით: ვინ ვინაა ძახილებს შორის.

ჩვენ შევეჩვიეთ ერთმანეთის მოკითხვას მაშინ,

როცა აღარაა იმედი, რომ გიპასუხებ.

რა გითხრა აბა,

ყველა სიმღერა ნამღერია უკვე იმაზე,

რომ გულში სივრცე არ არსებობს

და სულში - დრო.

რა ვუყო სარკეს?

ის ინახავს ანარეკლს შენსას

და ყოველ დილით თმას მვარცხნის

ხმელი თითებით.

რა გითხრა აბა,

გარდაცვლილები გადარჩენილებს

ოდესმე მაინც გაუღებენ სიკვდილის კარებს

და ნიშნის მოგებით შეაგებებენ

პირველწასვლის უპირატესობას.

რა გითხრა აბა,

რომ უმნიშვნელო პასუხები მექცევიან ისევ კითხვებად

და ყველა პასუხს კვლავ დაერთვის

”შესაძლოა,” ”ან”, “იქნებ ,”ალბათ”.

რა გითხრა აბა,

ძველმოდურია ყველა ოცნება,

ყავლგასული - ყველა სიზმარი.

დღეს უნდა მოვრჩე საკუთარი თავის ლაგებას

და ვწერო სხვებზე, ანდა სხვებისთვის.

რომ აღარაა იოლი ჩემი დაღუპვა,

რადგან არა ვარ ბედნიერი და ყველა აბი,

შენს დუმილს რომ გადავაყლაპე,

აღარ მადგება ყელზე სიჩუმედ.

რა გითხრა აბა,

გამომეღვიძა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.