უკან დაბრუნება
... და ვიბადები

არსებობს სიტყვა - ”გარდაცვალება”,

მე დამემართა სიტყვა - ”სიკვდილი”.

 

იგი ზურგიდან მოიპარა,

ალბათ, იქიდან არ ველოდი.

 

და რადგან სხვა გზა აღარაა -

 

გამარჯობა, სიკვდილო!

 

მთელი ცხოვრება

შენს შესახვედრად ვემზადებოდი.

 

შენზე შიში ყოველთვის გისწრებდა

უტყუარი ჭეშმარიტების სამი სიტყვით:

 

ყველაფერი კარგად იქნება, ნატო.

 

რადგან მოხვედი,

თვალებში ჩამხედე.

თვალის ფერი არ დამძველებია,

გიშერია და ავი თვალისგან მიცავს.

 

გელოდი,

ბაბუის ნაქონი ძველი თოფივით

ბუხრის კუთხეში მეგულებოდი.

 

მამა ხშირად გვიმეორებდა:

ერთხელ თავისით გავარდებაო.

 

დაგიმახსოვრე შიშნარევი მემკვიდრეობით

და ჩემს ძარღვებზე გამოგკიდე კარუსელივით.

 

არსებობს სიტყვა - ”გარდაცვალება”,

მე დამემართა სიტყვა - ”სიკვდილი”.

 

 

საცალფეხოა ბილიკი შენკენ,

გზა დავიწროვდა.

„ ღმერთო, მიეცი ყველას საკუთარი სიკვდილი“.

რაინერ მარია რილკე

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.