უკან დაბრუნება
სიზმარ-ცხადი

”ურდული ასწიე და კარი თვითონ გაიღებაო”.

ზღაპრიდან

 

ხდება ასე - სინამდვილეშიც

 

უფასურდება ყველაფერი - გადანახული

ისევე როგორც

ოდესღაც შემნახველ სალაროებს

მიბარებული უზრუნველი სიბერე.

 

ხდება ასე - ცხადშიც

ჩაპირქვავდები საკუთარ თავში,

ძილს გვერდს უბრუნებ და

საბანსაც შემოუკეცავ.

 

ხდება ასე - სიზმარში

იჯერებ, რომ იწყებ თავიდან,

მუჭა-მუჭა გაგაქვს სიზმარი

და გეჩვენება: ცხადში გაიტან.

 

ხდება ასე - სიფხიზლეში

მთვრალი კაცივით მღერი ხმამაღლა

და საკუთარ თავს

ისევ შენივე ხმით ამხნევებ.

 

სცადე და

 

გაუმხილე ეს ამბავი

სხვა მძინარე ადამიანებს.

 

გააღვიძე და

 

დააჯერე

 

გაუღონ კარი

 

და

 

გაუშვან.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.