უკან დაბრუნება
ხელის-გული

ეს -

(მერამდენედ)

ვერშეთანხმება საკუთარ თავთან.

 

უმიზნოდ,

შემთხვევიდან - შემთხვევამდე.

(მერამდენედ)

ცარიელია დერეფანი.

ბარგი გაიბნა.

 

აქ დაშვება

არასოდეს ყოფილა სანდო.

დასაფრენი ბილიკები

არ კვეთს ერთმანეთს,

კავშირები გაწყვეტილია,

სივრცეს ვერ ვიყოფთ.

 

(მერამდენედ)

ამბობ:

თავისუფლება

ჰგავს ხელის გაშვებას -

 

გაგებნევა და

თავს გაძებნინებს.

 

იპოვი,

უფრო - მოიპოვებ,

(მერამდენედ)

არც არაფერი.

თითებს შორის მიედინება.

 

აქ,

სადაც ჩვენ ვართ გავრცელებული,

ვერაფერში გამოიყენებ.

(მერამდენედ)

შეგრძნებაა,

თითქოს შემთხვევით

თვალი შეავლე ხელის(გულს),

ხმელს და დაბზარულს.

 

ეს

(მერამდენედ)

ვაღიარებ -

 

დავმარცხდი.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.