უკან დაბრუნება
ნიშნები. დაგეროტიპი.

ვირჩევ:

 

ღამეს - რომელიც ზეპირად ვიცი დილისთვის,

ძილს - გულის მხარეს,

პოზას - ემბრიონის,

ხელს - ჩემსა და ბალიშს შორის,

რიცხვს - კენტს.

 

მახსოვს:

 

სიზმრები, რომელშიც ვერ გამოვიძინე,

ცხადი, რომელშიც თეთრი ფერი მიხდება.

 

ვფიქრობ:

 

სახელზე, რომელიც შემირჩიეს

წარსულზე, რომელიც ფრაგმენტულად მტოვებს

საიდუმლოზე, რომელიც ზრდასრულია

ოცნებაზე, რომელსაც გადავურჩი

სიჩუმეზე, რომელიც ყველაზე ნამდვილია

(როცა მიწას აყრიან საფლავს)

მარცხზე, რომელიც სამყაროსავით ძველია

გაქცევაზე, რომლის გამო დავისაჯე

გზაზე, რომელიც არ ფიქრობს მგზავრზე

კატაზე, რომელსაც გზა გადავუჭერი.

 

 

ვგრძნობ:

 

ვემსგავსები მას,

ვინც შემთხვევით აიხედა ცაში,

დაინახა

როგორ გადაკვეთა თვითმფრინავების ორმა კვალმა ერთმანეთი

და არ ცდილობს სხვას დაანახვოს.

 

 

ვენდობი:

 

სიტყვებს, რომლებიც დაიწერა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.