უკან დაბრუნება
სიჩუმის ხმაურზე

„ვინ გაბზარა შენი მარტოობის მყიფე ფაიფური?“

 

გიორგი ლობჟანიძე

 

 

გეთანხმები:

 

იმსხვრევიან სიტყვები

დღისა და ღამის ფაიფურივით.

იმსხვრევიან მიწის ზემოთა და

მიწის ქვემოთა იმედებივით.

 

ფრთხილად,

 

იციან სიტყვებმა ანგარიშსწორება,

არ უყვართ სიბრალულის გამოწვევა,

არც თავის მართლება,

არ ეცემიან მიწაზე,

ცა - იჩხაპნება.

 

გამოგიტყდები:

 

გავაუქმე მატყუარა სიტყვების ყუთი - ტელევიზორი,

მჭიდროდ მივხურე წიგნების კარადა.

მეშინია, წაუკითხავი წიგნებიდან

არ გადმომიცვივდნენ სიტყვები.

 

ვერიდები

 

უჯრების გამოღებას,

პირშეკრულია -

ინახავენ ამბებს - საიდუმლო ბარათებს.

 

მესმის

 

უცნაური ხმები მოაქვს სიტყვების მსხვრევას

 

და

 

აქ აღარავინ კითხულობს სიჩუმეს.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.