უკან დაბრუნება
DELETE

ნუ მეტყვი. მომწერე.

უკვე ადვილია სიტყვებთან.

 

შეგიძლია მონიშნო,

წაშლამდე ფერი შეუცვალო,

აკრობატივით საითაც გინდა, იქით გადასვა.

 

ისწავლეს სიტყვებმა - მორჩილება

და გვასწავლეს:

 

რომ სიკვდილი სხვისი გამოცდილებით

და სხვისი ხელით -

გვიადვილდება.

 

რომ მანძილი

მონიშვნიდან სიტყვა ”წაშლამდე” –

მცირეა,

 

რომ დროებითი მეხსიერება

მხოლოდ იმდენ ხანს შეგინახავს,

რა დროც ამ სიტყვამ,

შენთან ერთად გაატარა.

 

გრძნობენ სიტყვები:

სანამ გზაშია,

სიკვდილიც მასთან ერთად მგზავრობს.

 

ჩვენ:

ვკეცავთ გზას,

ნიშნებად ვტოვებთ ლექსებს

და ვფიქრობთ:

დროის გარდა,

ნეტავ უკან კიდევ ვინ მოგვდევს.

 

აღსარებაა თვითმკვლელობა,

ფიქრმა იცის გადაყოლება.

 

ხიდია - ბეწვის.

გაწყდა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.