უკან დაბრუნება
შიში

ნუ მკითხავ:

 

საით წავიდა

ჩემი ლექსებიდან მომავალი დრო.

 

რატომ ვხატავ ჩიტებს ბრმებივით,

მათ ხომ არასდროს უნახავთ როგორ დაფრინავენ ისინი.

 

ნუ მეტყვი:

 

რომ ეს სევდა ბანალურია,

რომ დრო სიღრმით უნდა გავზომო,

სინამდვილე ილუზიებით დავაპურო -

რომ ქვაც თბება, თუკი შეფუთავ.

 

მითხარი:

 

რომ შიმშილს მაინც დავუბრუნდები,

(თუმცა იგი გემოს არ იცვლის).

 

რომ თუ მინდა მიყვარდეს,

თვალებზე ხელი უნდა ავაფარო,

რომ თვითმკვლელობის შანსი ორჯერ არ მექნება,

ტკივილები არ იკურნება გადავადებით

 

და

 

რომ ყოველთვის იქ არ წყდება, სადაც ვიწროა.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.