უკან დაბრუნება
ხარება

”თევზმა თქვა, პირი წყლით არ მქონდეს სავსე...”

ღმერთო,
ისევ და ისევ შენ გეძახი,
(სხვებს აღარ ესმით)

თუ ცოტა დრო გაქვს,
ჩამოჯდე იქნებ და მომისმინო:

სიჩუმე უკვე აღარაა ქვამარილი -
ქვად გადაიქცა.
ვეღარ ავლოკავ.

მცდელობა შენი,
სიყვარული გამოგვეცადა,
რომ გაგვჩენოდა მერე ღიმილი,
დარჩა - ამაოდ.

გაბევრდა აქეთ მოწყენილობა,
მარხვა დგას ჩვენკენ.

სამაგიეროდ,
ვჭამთ ერთმანეთს და
ვჭამთ საკუთარ თავს.


მენდე სიტყვაზე,
(თუმცა, შენც იცი)
გული მხოლოდ კი არ ფეთქავს,
ზოგჯერ ფეთქდება.


ვერ ვხედავ სხვა გზას,
ახლა მხოლოდ შენ გელოდები,
უფრო ზუსტად -
განაჩენს შენგან.

ნუ გადამიქცევ

თვალს - სარკედ
და
მზერას - ნაპრალად.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.