უკან დაბრუნება
კონფორმიზმი.მართლწერა

„ვისია ეს ქვეყანა?“ –

იკითხა სოციალურ ქსელში მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ,

ჩემმა მეგობარმა.

როგორ იწერება დამაჯერებელი ამბავი,

რომელი სიტყვები აღწერენ საგნებს

ისე ზუსტად,

მცირე ადგილიც რომ არ დარჩეს ეჭვისათვის?

 

მკითხე და გაგიმხელ

 

სინამდვილეში

 

როგორ ვკარგავ კავშირებს სიტყვებს შორის,

როგორ მტოვებენ სათქმელად გამზადებული სიტყვები,

როგორ ვუცვლი მათ ადგილს სტრიქონებში,

ვშლი, ვჭმუჭნი, ვხევ,

ვყრი სანაგვეში.

 

ის, ვინც ამ დროს თვალს არ მაშორებს,

იმახსოვრებს ჩემი ხელის მოძრაობას,

მზერის გაქვავებას,

აკვირდება, როგორ იცვლება სინამდვილე,

როგორ ელიან წინადადების დასრულებას

სიტყვები,

რომ წარსულში გადაინაცვლონ.

 

იცის ენამ აკვიატება –

რამდენიც ვცადე,

ვერ დავწერე უშეცდომოდ

სიტყვა – „სამშობლო“.

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.