უკან დაბრუნება
პირის ამოკერვა

ჩემი ენა მდიდარია იდიომებით.

 

პირი ამოიკერა -

ამბობენ, როცა ვინმეს

სათქმელი აქვს და ჩუმადაა.

 

პირი ამოიკერა.

პირში წყალი ჩაიგუბა.

 

მუშა,

რომელიც იმ დროს მიდის მაღაროში,

როცა მზე ჯერ არ ამოსულა

და

უკან იმ დროს ბრუნდება,

როცა მზე ჩასულია -

 

გაჩუმებას აღარ აპირებს.

 

ამბობს, რომ აღარ უნდა შიმშილის მოთმენა.

ამბობს, რომ ოცნებობს,

შვილებს მზე უყიდოს, თუნდაც სათამაშო.

 

მაგრამ მათ, ვისაც ეჩვენება,

რომ მზე ამოჰყავს -

ვერ გააგონა.

 

ამიტომ ადგა და

ნამდვილი ნემსით პირი ნამდვილად ამოიკერა,

ძაფები მზის სხივებად მიიქარგა.

 

ჩემი ლექსების მთარგმნელი

ამ ლექსს არ თარგმნის.

მეტყვის, რომ მის ქვეყანაში ვერ გაიგებენ.

 

და დარჩება

ჩემს ენაზე ნათქვამ სათქმელად.

და დარჩება

პირში წყალჩაგუბებული.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.