უკან დაბრუნება
იავნანა დედისათვის

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული, -

მე ჩემი ლექსის კაბით შევმოსავ მას.

ჰო, გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,

თორემ ისე მძიმეა, ისე მძიმე, ეს სიცარიელე,

არა მგონია, კიდევ ცხრა თვე ვზიდო.

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული, -

შენ ხომ ყველაზე კარგად იცი, როგორ მომარგო

და დილის ყავის არომატივით,

ქალობის ნელსურნელებით დამიტკბო.

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული

და მე გეტყვი პასუხს ყველა კითხვაზე,

რომლებზეც შენ სიჩუმითა და

უხერხული დუმილით მპასუხობდი.

მე ხომ ვიცნობ შენი მორჩილების რეფლექსებს.

დარღვეულია დიდი სიმშვიდე და

ყველა შუაზე გახლეჩილი სხეული როდი ხვდება ერთიმეორეს.

მერცხლებს, თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულებს,

ჩვენი სახლის ჯარგვალზე რომ დაიდეს ბინა,

კარს ხომ დღითა და ღამით ღიას უტოვებ,

ბუდეში კვერცხები რომ არ დაუცივდეთ

და ბარტყები დააფრთიანონ.

იცი, როგორი სიმშვიდე მენატრება?

ბავშვობაში ჩემს გაოცებას,

თოვლის ფანტელების სიმრავლით გამოწვეულს,

რომ შემოაგებე და მითხარი: ნუ გეშინია, მიწა დაიტევს.

მას შემდეგ მიწამ იმდენი რამ დაიტია,

მეშინია, გაოცება არ მომიკვდეს.

იცი, სიკვდილზე ფიქრი გადავაფიქრებინე მამას,

ვუთხარი: შენ მერე ჩემი რიგია და

ნუ ჩამაყენებ ამ რიგში, მამა.

დამიჯერა და დამყვა.

ჰო, გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,

ჩემი ღამეების სიზმრებს გაგიმხელ.

სხვა ცხოვრებაშიც მოვდივარ ქალად

და ვაჩენ შვილებს, ჩემს გაგრძელებებს,

რომ არ დავმთავრდე და დავასახლო მთელი სოფელი.

გაიხადე და ჩამაცვი შენი სხეული,

თორემ ახლა

ის უხერხული ღიმილი მე მეყინება ტუჩთან სიჩუმედ

და ჩემი სიზმრის შვილებისთვის არ მაქვს პასუხი:

დეე, ძნელია დედობა?..

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.