უკან დაბრუნება
ჭიშკარი

აქ ყველა სიტყვა გახსნილია

ჰ ო რ ი ზ ო ნ ტ ა ლ უ რ ა დ

და აღარაა დაფარული არც ერთი ასო.

სიტყვები ძებნით გადაღლილი,

დრო- და მნიშვნელობაშემოცვეთილი,

დაისაკუთრა კროსვორდის უჯრამ.

ხმოვნებს და თანხმოვნებს

ქაღალდის გემო შერჩათ ენაზე.

კალმის წვერით გადაჩხაპნილებს

ტუჩის კუთხიდან სისხლი ჟონავთ.

ისინი, ჩვენს ნებას დამორჩილებულნი,

დაირთავდნენ სასვენ ნიშნებს

და სიტყვის დერეფნებში,

ვიდრე დადგებოდა ჯერი წერტილის,

სწორხაზოვანი ბგერების გზაზე,

შეგვახვედრებდა სიტყვას - ჭიშკარი ,

რომელიც აღარ იღებოდა უკვე თავისით.

აღარც საგნები იმახსოვრებდნენ მზერის სიხშირეს.

ჩრდილად აწვება წაშლილი სიტყვა მიწის კიდურებს.

აწმყო გაკოტრდა. დიდი სოფლის ამ დამღლელ გზაზე

აბგა ლაგდება, საფლავს უნდა თავსასთუმალი.

კედლის საათებს ჩაენაცვლა დრო - ელექტრონის,

ის წრეზე ბრუნავს, გული კი მაინც ჩვენს რიტმში უცემს

და დალაგებულ სიმშვიდეში სამყაროს წესრიგს

მოუსვენარი, ხშირი სუნთქვით ხარკს გადაუხდი.

ჯაჭვს ნაბიჯების ანუ იმ გზას, რომელზეც დგახარ

სიხარულის ძნელად მოსარევ მოლოდინებით

აჩუქებ ქაოსს, აურევ რიტმს, ვნებას შეაძლევ,

მოდის ცაც ახლოს, მიწაც აღარ გემორჩილება

და შენს თავნება სურვილებში აღარაა ფრენა საშიში.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.