"ჩვენი მწერლობა” , 2010 წელი, 28 მაისი

“ვიდრე სიტყვაზე ვენდობი სიტყვას”...
გივი ალხაზიშვილი


 

 

 

ძალიან კარგია (“ცდა”) თავის ფინალით. ყველა წინარე სიტყვა, თითქოს იმიტომ დაიწერა, რომ ბოლო მეტაფორა გაჩენილიყო. ნატო ინგოროყვამ ხმელი ლექსები დაარქვა მის, ახალ პოეტურ ციკლს, იმ განსხვავებული სტილისტიკის გამო, გარკვეულწილად რომ ცნობილია, მწირად, მაგრამ ცნობილია. მისი არჩევანი, ასეთი უბრალოების ფონზე გაამჟღავნოს, თითქოს, ინფორმაციული ტექსტი, ზეაწეულობისგან თავისუფალი, ძალიან სწორია, რადგან ასეთ “ინფორმაციულ ფონზე” ოდნავი სენსორული რხევაც კი მკვეთრად ფიქსირდება და შესამჩნევია, რამდენადაც საგრძნობია და არ უფასურდება შენიღბული განცდა, რომელსაც ერთი ფრაზა “შემთხვევით გამოუჩნდა” და ასეთ დროს ეფექტი მეტია.

 

ხმელი ლექსები რატომღაც მახსენებს იტალიურ ნეორეალისტურ პოეზიას, რაც წამიკითხავს სოლონოვიჩისა და სხვათა თარგმანში დიდი ხნის წინათ. ახლა, როცა ზოგი ქართველი პოეტის შემოქმედებაში დღემდე გრძელდება დაგვანებული სიურეალისტური ძიების ტკეპნა, ხმელი ლექსების ესთეტიკა სრულიად განსხვავებულია და ერთგვარ ალტერნატივადაც აღიქმება. თუმცა, აქვე უნდა ვთქვა, რომ ნებისმიერ მიმდინარეობას თუ ესთეტიკას თავის ხიბლი და ასევე საეჭვო თვითმიზნურობაც ახასიათებს.

 

მგრძნობელობაზე თვითმიზნური აპელირება, თითქოს განცდილის ყალბად და მოსაბეზრებლად წათამაშება აუფასურებს იმას, რასაც დავაკისრეთ ეფექტის გამომწვევი ფუნქცია და უკუშედეგს იძლევა, თავის კაკაფონიურობის და თავსმოხვეული ზემოქმედების გამო. თუმცა, აქაც, როგორც სხვა შემთხვევაში, გააჩნია შესრულების დონეს ე.წ. “დუენდეს” ხარისხსს და ა. შ”.

 

“სხვა მხარე” __ ამ ლექსში ჯერ კიდევ ისმის ნატო ინგოროყვას ლექსების ძველი ტონალობა, შენცირებული დოზით იგრძნობა, მაგრამ მაინც დომინირებს, თუმცა ფინალი, ისევ მოულოდნელი ეფექტის ფუნქციას კი არ ასრულებს მხოლოდ, არამედ ერთგვარი სემანტიკურ-მუსიკალური და საბოლოო აკორდია ამ ლექსისთვის.

 

“ხსოვნის ხანდაზმულობას

სუნთქვა გამოექცა

და ღიმილს დაასწრო

ნუ მეტყვი იმას,

რაც არასდროს იქცევა სინამდვილედ”.

თავისთავად საგრძნობი ნიუანსებია ამ სტრიქონებში, მაგრამ “ხმელი ლექსების” ესთეტიკისთვის თითქოს ზედმეტია განცდის ასეთი დეტალიზაცია

/დაწვრილმანება/.

 

“ანგარიში” __

 

ეს ლექსი ყველაზე მკაცრია და ამავდროულად, ყველაზე ამაღელვებელია სიწრფელის უეცარი გამხელით, რადგან გამხელასაც აქვს თავის საზღვრები და როცა უსაზღვროა გამხელილი სევდა, იგი მკითხველშიც მეორდება და ილექება სულში, თავის ექოს რომ აჩენს სხვადსხვა “თავში”.

 

მე ამ ლექსს “სიკვდილის რეპეტიცია” დავარქმევდი შეყვარებულის სასაოწარკვეთილ რიტორიკას, ასრულება რომ არ უნდა ეწეროს, ან შეუძლებელია ასრულდეს. სათაურის შინაარსის გათვალისწინებით უნდა ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ რეპეტიციაა, ლექსად რომ განხორციელდა; ერთგვარი სიტყვიერი “შურისძიებაა”, რასაც ფინალური სტრიქონი ახმოვანებს კიდეც მწარედ, მაგრამ არაფატალურად.

 

“კითხვითი სიტყვებით, კითხვის ნიშნების გარეშე”

 

მე-ამინ-ე __ ასე დავწედი მე ამ სიტყვის ავტორისეულ წათამაშებას, რადგან ამ სიტყვასთან ასეთი გაშინაურება უკვე გულისხმობს სხვა მრავალ ნიუანსს და ამდენად არის საინტერესო და არა მხოლოდ ამ სიტყვის წათამაშებით.

 

“რატომ გაურბიან,

თვალხილულები სინათლეს,

რატომ მესმის ჩემი ხმა,

როცა არ ვლაპარაკობ..

... ...

ან რატომ გამოიყვანე სახლიდან

ახალი კაბის საყიდლად.”

ამ ლექსს ფინალი აკლია. ეს ავტორის უფლებაა და მისი საქმეა, თუმცა მე ვურჩევდი ეძებოს გნსხვავებული ფინალი.

 

“ამინდი გარდაცვლილთათვის” ამ ლექსში ავტორი მისტიკურ კავშირებს ეძებს გარდაცვლილებთან. მოულოდნელია:

 

“აქ ჩემი ბავშვობის გაჩერებაა.

ეს ხმა იქიდან მომყვება”...

 

ლექსის მთელი აქცენტი გდატანილია შემდეგ ფინალურ სტრიქონებზე:

“წითელი კვერცხიც გაგორდება.

საღებავია სისხლი.”

 

გარდაცვალების მისტერიაზე საუბარს არ გავაგრძელებ, არც იმ სიმბოლიკაზე რასაც სააღდგომო წითელი კვერცხის საფლავზე გაგორების ტრადიცია გვაუწყებს. აქ, დეკლარილებული “საღებავია სისხლი” მოულოდნელად ისმის, ჩანს, როგორც რელობის არც თუ ისე დაფარული მხარე.

 

“ჩემი გაზაფხული”

რამდენიმე წლის წინათ “ჩვენ მწერლობაში” წავიკითხე:” “ფერადი ცელოფანის პარკებით მორთული ხეები ნატვრის ხეებში არ შეგეშალოთ”. ნატოს ლექსი ან ამ ფრაზის გაგრძელებაა, ან დამოუკიდებლად აღმოაჩინა იგივე სახე, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან იგი ნებისმიერი მოქალაქის თვალწინაა ყოველდღიურად და ჩვენი ყოფის მუდმივ თანამგზავრად იქცა.

 

უნდა აღვნიშნო, რომ ეს ლექსი საყურადღებოა სისადავით და მოულოდნელი განცდის გამჭვირვალებით.

 

“ის ვარდისფერი პარკის ნაგლეჯი,

ჩემი კაბის ნაწილია,

ბავშვობაში ეკალს შევატოვე და

სურვილის ჩაფიქრება ვერ მოვასწარი.”

 

იყავ ჩემი ნატვრის ხე. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ნატო ინგოროყვა ჩვეულებრივ ყოფით ამბებს თუ დეტალებს პოეზიად გარდაქმნის და ამით იგი შორს დგას ხელოვნური, პოეტიზირებული ტექსტებისგან და ცდილობს ყოველდღიური ყოფითი სინამდვილე აქციოს პოეზიად, რაც საგრძნობია და აღსანიშნავი.

 

ვინმეს, შეიძლება მოეჩვენოს, რომ ასეთი ლექსების წერა ხელის დაღლამდე შეიძლება, მაგრამ მწარედ შეცდება. არ გამოვრიცხავ ავტორსაც გაუჩნდეს გაუცნობიერებელი სურვილი “სერიულად” წეროს მსგავსი ლექსები, რადგან გამოუვიდა, მაგრამ ეს ასე არ არის და მიუხედავად კონვენციური ვალდებულებებისგან თავდახსნისა, გაცილებით რთულია დეპეშური ტექსტი რამდენიმე მოულოდნელი მიგნებით გააცოცხლო და შესანიშნავ ლირიკად აქციო. დაგროვება და შესაბამისი განწყობა სჭირდება, როგორც ნებისმიერ ნამდვილ ტექსტს, თუმცა დაგროვილი გამოცდილების მარაგი, ჩვენში რომ არსებობს, ყოველთვის საბაბს ეძებს, რაიმეს წამოედოს, ძაფივით დაგრძელდეს და რაიმედ მოიქსივოს, რომ გაცოცხლდეს და იქცეს ცოცხალ სიტყვიერ ქსოვილად.

 

“ვწერ ნებადართულ სიმარტოვეზე”, “ფრთხილად კარები იკეტება, ნუ მოაყოლებ კარში იმედს”, “ეს გზა სიხარულის გამხელასავით უხერხულია და გაიწელა”, “აქ, ყველა სიტყვაა, რაც უნდა მეთქვა და არ დავწერე”, “აქ იყო დრო. დარჩა ადგილი”. ეს მინიმალისტური ლექსები არ გეგონოთ, სხვადასხვა ლექსებში გაბნეული საუკეთესო სტრიქონებია და ბევრი დამრჩა ამოსაწერი, მაგრამ სხვები მკითხველმაც მოიძიოს. სიტყვის მომჭირნეობა იგრძნობა ამ ლექსებში და სიზუსტე. “აქ იყო დრო, დარჩა ადგილი”.. რაც ამოვკრიბე პოეზიის მინერალებია, დაწნეხილი შეგრძნებები სიღრმეს რომ გაგრძნობინებენ და დეპეშური ტექსტია თითო-ოროლა მეტაფორის თანხლებით. “აქ იყო დრო, დარჩა ადგილი”.. მე ვიცი ამგვარი ნათქვამი საიდან აღმოცენდება, ან რა გზაა გავლილი, ვიდრე ამას იტყოდა პოეტი.

 

არსებობის ნაწყვეტები ჩნდება და ლაგდება ლექსებად, ხან მოულოდნელობის ეფექტი აცოცხლებს “ხმელ” სტრიქონებს, ხანაც ერთი მეტაფორის გაელვება

კრავს მთელ წრედს.

“ვიდრე-

სიტყვაზე ვენდობი სიტყვას.

ვიდრე-

ხსოვნა სიკვდილივით სკამზე ჩამომიჯდება და

სხვათა სიტყვით, მესამე პირში დამიწყებს საუბარს.” /”ვიდრე”/

 

ეს ლექსი თითქოს “ვიდრეზე” იგება და ცხოვრებისეული ღრმა განცდის ფრაგმენტს გვაგრძნობინებს, დაგვანახებს, გაგვანდობს.

 

“შენ თქვი აქ არაფერია.

მე გითხარი მოდი, გავაფერადოთ.

ჩვენ - ავაჭრელდით.

ამ სიჭრელემ თვალი მოსჭრა

ჩემიანებს

და მათ, ვინც მხოლოდ ორ ფერში ხედავს.”

 

ამ ლექსს სათაურად “მარტივი” ჰქვია, მაგრამ ნახეთ ფინალური სტრიქონები როგორ აუქმებს მოჩვენებით სიმარტივეს და როგორ ამხელს თითქოს მიჩუმათებულ სათქმელს:

 

“შენ თქვი: უნდა მოგეხვიო,

მე გითხარი: ზურგიდან უფრო იოლია.

ტყუილი ფეხისწვერებზე დგება.”

 

 

 

კლასიკური მელოდრამის კადრი ცოცხლდება თვალწინ, ხშრად რომ მოინატრებენ გამოფიტული რეალობით გადაღლილი ადამიანები, ავტორი და მკითხველი., სხვებიც, უნებლიეთ, რომ გაურბით თვალი იქით, რაც იყო და რისი გამეორების ალბათობაც ისევ არსებობს.

 

როგორც ვხედავთ, ნატო ინგოროყვა ექსიტენციური ფრაგმენტებიდან ქმნის ლექსს, ყოველგვარი სპეცეფექტების გარეშე, სადად და გულშიჩამწვდომად. თითქოს ერთი ნაბიჯია ზოგჯერ უბრალოებასა და ბანალობას შორის და ამ ბეწვისხიდზე სიარული უფრო ძნელია ვიდრე დანისპირზე.

 

არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ რთულ ნიუანსებში თავისუფლად ცურვა, ალბათ, რილკეს სამყარომ ასწავლა, როცა იგი თარგმნიდა დიდი პოეტის ლექსებს. ვინც რილკეს სამყაროს ეზიარა და შესაძლებლობის დონეზე ჩასწვდა მისი სიღმეებს, მის პოეზიასთან შეხვედრა უკვალოდ არ გამქრალა და ეს საგრძნობია.

 

“ხმელი ლექსები” ნატო ინგოროყვასთვის ახალი გზის დასაწყისია. სიტყვა “ხმელი” გამხმარს არ ნიშნავს, უფრო სხვა რამეზე მიგვანიშნებს, შეულამაზებელ ტექსტს გულისხმობს გათავისუფლებულს სიმულაციებისაგან, ასე ჭარბად რომ არის ზოგადად თანამედროვე ქართულ პოეზიაში, თითქმის ყველა თაობის პოეზიაში.

 

ხმელი ლექსების ავტორი საოცრად გულწრფელია, როცა უბრალოების ტილოზე ალაგ_ალაგ, ძალიან მომჭირნედ, ძუნწად მონიშნავს მოულოდნელ ფერადებს და მისი პოეზია ხან ამ საიდუმლოში და ხან უეცარ ღიაობაში მჟღავნდება.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.