საზღვრის გადალახვის ფასი
დავით გორგილაძე


 

თუ მაინცდამაინც შედარებაზე მიდგა საქმე, ნატო ინგოროყვას პოეზიას მაღალი მოდის ჩვენებას შევადარებდი. ჩვენებას, რომელზე წარმოდგენილ ტანისამოსსაც ქუჩაში ან წვეულებაზე დღესვე ვერ ჩაიცვამ - დინოზავრივით იქნები სხვა ადამიანებს შორის, მაგრამ ეს წარმოდგენა მოდის სამყაროს უკარნახებს, რა უნდა ეცვას მთელ მსოფლიოს რამდენიმე თვის ან სულაც წლების შემდეგ.

 

„სადგურებს შორის“ მოდის მქადაგებელი წიგნია. ამბები, რომლებსაც ნატო ინგოროყვა ამ კრებულში ჰყვება, ნელ-ნელა ქართულ პოეზიასა და პროზაში გაჟონავს, გაბევრდება და ზედ სხვა ამბებს დაიშენებს. მეეჭვება, გონიერმა ავტორმა ეს კრებული წაიკითხოს და შთაგონებას გაუმკლავდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნატო ინგოროყვას პოეზიას წლებია არათუ თვალს ვადევნებ, არამედ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში ვკითხულობ ხოლმე, ამ კრებულის გასაღები დიდხანს ვეძებე. ბოლოს, მგონი, მაინც მივაგენი: „სადგურებს შორის“ ისეთი კრებულია, სამგვარად, უფრო სწორად, სამჯერ რომ უნდა წაიკითხო.

 

პირველი წაკითხვა ზედაპირული სიამოვნებისთვისაა. ისეთი სიამოვნებისთვის, როგორსაც, მაგალითად, მატარებლის სარკმლიდან დანახული იქამდე უცნობი ფერებით, ფორმებითა და მათი კომბინაციით იღებ - ის ვიზუალურ ინფორმაციად იღვრება შენს გონებაში და იმ რეცეპტორებს აღიზიანებს, რომლებიც მშვენიერების აღქმაზეა პასუხისმგებელი.

 

მეორე წაკითხვა ფიქრისთვისაა. იმ ფიქრისთვის, რომელსაც აქამდე ვერ ბედავდი, გეზარებოდა ან ზედმეტ ტვირთად გეჩვენებოდა. სადგურებს შორის რკინის ყუთში ჯდომა და გზის მიყოლა ხომ შესაძლებლობასთან ერთად ვალდებულებაცაა, რომელიც საკუთარ თავთან მარტო დარჩენას და გულწრფელ დიალოგს გისჯის. სწორედ ამ საუბრისთვის შემზადების ინსტრუქციაა „სადგურებს შორის“. ეს გულწრფელი რჩევის მიცემის მცდელობაა. რჩევისა, როგორ გამხნევდე, რას ჩამოეყრდნო, რა უპასუხო. რაც მთავარია, როგორ გაჩუმდე მაშინ, როცა დუმილი ოქროა.

 

მესამე წაკითხვა კი, როგორ ვთქვა,  მიქცევის შემდეგ ქვიშიან სანაპიროზე ნიჟარების მოგროვებას ჰგავს. ნიჟარები ის სტრიქონები, ამბები და განცდებია, რომლებიც შენთვის გინდა, შინ უნდა წაიღო და როცა ყურს მიადებ, ყოველთვის გიპასუხოს.

 

„სადგურებს შორის“ ამბავია, რომელსაც ბრწყინვალე დრამატურგია აქვს - იწყება იქ, სადაც უნდა დაიწყოს და მიდის იქამდე, სადაც ადრე თუ გვიან ყველანი ვბრუნდებით - შინ. ოღონდ დასაწყისსა და დასასრულს შორის საზღვარია. ამ საზღვარზე თავად წერს ავტორი:

 

„უცნაური სიტყვაა - საზღვარი.

გიწვევს, გიბიძგებს გადასალახად.

ამიტომაც ვარღვევთ მას,

თუმცა ზოგჯერ თვითონვე ვავლებთ,

თუნდაც წარმოსახვითს“.

 

ამ წიგნში ბევრი რამაა უცნაური, ყველაზე მეტად კი ალბათ ის, რომ საზღვარს იქ გავავლებთ, სადაც გვინდა. თუმცა ამ წიგნის (თუ სახელმძღვანელოს) ხიბლიც ისაა, რომ იმავე საზღვრის გადალახვის საშუალებასაც გვაძლევს. მაგრამ საზღვარი რა საზღვარია, თუ დაუსჯელად აღმოჩნდი მის მიღმა. ნატო ინგოროყვას წიგნში საკუთარი თავისთვის დაწესებული საზღვრის გადალახვას თავისი ფასი აქვს და ეს ფასი საკმაოდ დიდია - მას ფიქრის ვალდებულება ჰქვია.

 

გადაიხდით?

 

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.