ლიტურგიის პოეტური ხიბლი
(ციკლიდან „სახელდახელონი“)
როსტომ ჩხეიძე


ორი რამ მიაჩნდა საშიშად პავლე ინგოროყვას:

ორპირი ადამიანი და ორპირი ქარი.

 

და ორი რამ მიაჩნია საშიშად მის მოგვარესაც, ნატო ინგოროყვას:

ორპირი ადამიანი და ორპირი ქარი.

 

და ამ სატკივარს ლექს-აღსარებაში გამოჰკრავდა , პატიოსან სიტყვებზე რომ შეაყენებდა და სულაც არ ეგონებოდა, რაც უფრო მეტჯერ შესთხოვდა უფალს, უფროც გააგონებდა.

 

გზა უფლისაკენ სწორედ უმწვავეს ტკივილებზე გადის, საკუთარ სულში ყველაზე ჩამალული კუთხე-კუნჭულის ამოზიდვაზე, შენი თავისთვისაც გაუმხელელზე, რაოდენ ძნელიც უნდა იყოს ეს გაშიშვლება ფარულზე ფარულისა, მაგრამ ოიდიპოსივით უნდა მოიკრიბო ძალა და მზერა გაუსწორო შენს ცოდვიანობას, თუნდაც უნებურს, და აღიარო გულისმომკვლელი სიმართლე, რომ:

ყველა ჩვენგანი ვიღაცისთვის ერთხელ მაინც ხდება იუდა.

 

ის „ვიღაც“ უპირველესად მამაზეციერია, რომლის გაყიდვაც შეგიძლია მოგიწიოს და ამიტომაც ადვილად ნუღა დასდებ მსჯავრს ჯვარცმის ირგვლივ შემოკრებილ ბრბოს, მასობრივ ადამიანთა კრებულს...

 

და ... რაღას გიშველის პოეზია, გაპორცელანებული, ანუ: შენი მარტოობის გაბზარული მყიფე ფაიფური, - გიორგი ლობჟანიძის ამ სტრიქონს, ეპიგრაფად გატანილს, რომ მოაბამდა თავის მწარე გულისთქმას ნატო ინგოროყვა და სიჩუმის ხმაურს აღიარებდა გზაბილიკად უფლისაკენ, ეს განწყობილება და მხატვრული მრწამსი საერთოდაც რომ განმსჭვალავდა ამ ლირიკულ კრებულს, რომლის არსიც ასე ზუსტად უნდა გაეხსნა ნინო სადღობელაშვილს ერთიბეწო ბოლოთქმაში:

 

ლიტურგიის ფარული მელოდია - ის ლიტურგია და ის მელოდია, პოეტი სიტყვიდან სიტყვაში რომ აცოცხლებს გვარიანად მივიწყებულ ადამიანურ განცდებს და სიყვარულის რელიგიით მსჭვალავას და აკანონებს ერთი შეხედვით შეუძლებელ მოვლენებს.

 

შეუძლებელს როგორ აკანონებს და:

სიტყვების მსხვრევისათვის ყურის მიგდებითა და სიჩუმის წაკითხვით.

ერთ ამერიკულ ნოველაში საუკეთესო რომანი იქმნება დაუწერელი სიტყვებით, და ნატო ინგოროყვას ლირიკულმა გმირმაც თავისი საუკეთესო ლექსი უნდა მოქსოვოს იმ სიტყვებით, რაც უნდა ეთქვა და ... არ კი დაწერდა.

 

მაინც წაკითხვისთანავე დაგავიწყდებოდა და არც სათაური გაჰყვებოდა მეხსიერებას. ამ სიტყვებს მუსიკა მიატოვებდათ და ექოდღა დარჩებოდნენ, და უადგილოდ დარჩენილი ყველა სიტყვა ამ ლექსში თუ იპოვნიდა თავშესაფარს. და აქ მოიყრიდა თავს ყველა ის სიტყვაც, რომელიც პოეტს ეპოვნა და... დაეკარგა.

 

და ამ უსიტყვებო ლექსის პირველხარისხოვანი სათქმელი მეორეხარისხოვანი აზრებით უნდა დამტვერილიყო და სტრიქონებს შორის ჩამალულიყო.

 

და მკითხველი... უნებლიეთ ფეხს თუ წამოჰკრავდა ამ სიტყვებს, ან თუ სადმე გადაეყრებოდა, დაე უკანვე ნუ დააბრუნებდა, ისინი ხომ ადრესატებთან მიიჩქაროდნენ, უპირველესად კი იმ იდუმალსა და უხილავთან, რომლის ლიტურგიადაც უნდა დაღვრილიყო ეს პორცელანივით მოსაფრთხილებელი ერთი გაბმული პოეტური ფიქრი, თავისი ერთიანი გააზრებით არამცთუ ლირიკულ კრებულად, ლამის მოდერნისტულ პოემადაც რომ შეიძლება წარმოგვიდგეს, და მის დანაწევრებულ სხეულს თუ რაიმე, ის კიდევ ბევრი და არაერთი სიტყვა ამოავსებს, რომელნიც ვერ გაცდენიან ტუჩებს და თვალებს.

 

ტომას სტერნზ ელიოტისათვის რომ გეკითხათ თანადროული პოეზიის რაობა და დანიშნულება, მოგიგებდათ:

 

სრულფასოვანი ლექსი ისაა, თავის შიშველ ძვლებზე რომ დგასო.

და თითქოს ეს სწრაფვა არეკლილა ნატო ინგოროყვას ლირიკული გმირის მღელვარე განცდებშიც, დროდადრო ისეთ ელვარე სტრიქონებადაც რომ იღვრება, პოეტური ფორმულების მნიშვნელობასაც რომ იძენს:

ქალაქი, რომელიც ზღაპარს ჰგავს და ჯადოსნურია, უძლებს ლეგენდებსო.

ვიხდი ხარკს: ენისთვის, რომელზეც ვწერ. სიტყვებზე მეტი ამბებისთვისო.

რასაც ვწერ - იმას ვცხოვრობო.

რა მნიშვნელობა ექნებოდა სიზმარს, რომ არ გამღვიძებოდაო.

ნუ გაატან სიზმრებს წყალს, მაინც არ მიაქვს. გულის კოვზი ინახავსო.

და დაიჯერო, რომ დაემსგავსე იმ უკანასკნელ ადამიანს, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაზე დიდხანს იცოცხლაო.

აღსარებაა თვითმკვლელობა, ფიქრმა იცის გადაყოლებაო.

და ის სტრიქონი ხომ განსაკუთრებით მრავლისმეტყველია, ნინო სადღობელაშვილიც რომ საგანგებოდ გამოარჩევდა:

და თუ პირველად იყო სიტყვა - მე ვწერ შენს სახელსო.

და ამ სახელითვე მონათლავდა ნატო ინგოროყვას პოეზიას, სავსეს ლიტურგიის ფარული მელოდიებით.

... არა, მაინც როგორ უნდა იდგეს პოეზია თავის შიშველ ძვლებზე?!.

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.