გიტის ნორვილასი
გიტის ნორვილასი ბედნიერი - ტბაში ყოფნისას

...ჩვენ ზურგებით ავწეწეთ საწოლი, გავცვალეთ მალები, ვითამაშეთ საკუთარი ძვლებით...

I

ვაპირებ, ნავით გადავცურო ნაპირისაკენ...
ვეფერები შენს ბაგეებს ჩემი ენით და ალერსით ამოვუყვები შენი ყელის აღმართს
მხრებამდე.
კოცნით გავივლი შენს მაჯებს, თითებს, ჩავიძირები ჭიპის ჭაში,
შენი ფეხის მოსადრეკელზე,
ისე როგორც მშიერი ტკიპა
ზაფხულის თმენით.
მივედინები ტბის გაღმა ნავით...
მიხმობს ნიკაპთან წვნიანი მსხალი, რომელშიც ფუტკრებს გაუმართავთ მხიარულება,
უნდა დავკრიფო შენი მკერდი, მწიფე ქლიავი, სისავსისგან პირგახსნილები,
რადგან მიხმობენ, როგორც მთიდან დაშვებული თეთრი კრავები .
ტაძრებს შევეხე ყვრიმალებით, გავცდი წამწამებს და შუბლს, ტუჩებით ავაკრიფე მწიფე ყურძენი - ოფლის მარცვლები.


II

ღამით, როდესაც ტბა გადავცურეთ და ვიხილეთ ნაპირი...
სირცხვილისაგან, რაკი ვერაფერს შეაფარეს თვალები, ვარსკვლავებმა აიფარეს პირზე ხელები. ჩვენ დროშებივით დავუქნიეთ ჩვენი სამოსი და ნიჩბებივით ვუსვამდით ფეხებს. სიღრმეს მივანდეთ მეხსიერების ბადე, დაიმსხვრა ღუზა, დედამიწაზე რომ გვამაგრებდა. პირისქარმა ჩააბრუნა ჩვენი კვნესა ჩვენსავე ყელში, ხმაურთან ერთად ...
სირცხვილისაგან, რაკი ვერაფერს შეაფარეს თვალები, ვარსკვლავებმა აიფარეს პირზე ხელები.

და როცა იყო, მივადექით მეორე ნაპირს, რომელიც ჰგავდა პატარა და პროვინციულ ქალაქ ჰადესს. სავსე მთვარეს გაოცებისგან გაეღო პირი.
ჩვენ ლერწმიანში მივატოვეთ მთვრალი მებორნე. გამოვათვრეთ და ფული, რომელიც იყო გზის საფასური, ოპიუმსა და რაკიაში გადავიხადეთ.
მოჩანდა ისე, თითქოს რაც მეტად ვუახლოვდებოდით ნაპირს - უფრო მეტად გვშორდებოდა ის.
ჩვენ დავინახეთ ცხოველებით გარშემორტყმული გობი, პანი უკრავდა ძვალზე. სირცხვილისაგან, რაკი ვერაფერს შეაფარეს თვალები, ვარსკვლავებმა აიფარეს პირზე ხელები და დაჟინებით უცქერდნენ ტბებს - დედამიწის ღია ჭრილობებს, რომლებშიც ვიკლაკნებოდით ჩვენ, ვნებით გათანგული ჭიაყელები, რომელთაც სწყუროდათ სიცოცხლე და სიკვდილი, თითოეული მეორისათვის, და ბედნიერები, სანამ ეკუთნოდნენ ტბას და გაურკვევლობას.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.