გიტის ნორვილასი
რომ

რომ

რომ იზრდებოდეს
ბამბუკის ტყეები
ალპურ ველებზე -
ჩვენ საწერად გამოვიყენებდით
ბამბუკის ჯოხებს
(ანკესებიც გადარჩებოდნენ
გამოთლისას)
დავწერდით იეროგლიფებით

იეროგლიფები:
გისოსები და გველები
სახურავები და ჰორიზონტები
ქლიავისდარი ოვალები
იაკის თმასავით მსხვილი ნემსები
ტეტრაჰედრონის ღრმულები
ოვალები ჰაერის ორმოებისგან
შუბის წამწამები და ნაჯახის სახელურები
დანის პირები და სადგისები
გრეხილი გვარლის მორევები
უსასრულობის პატარა ბაყაყები
ძვლის ჰარპუნები
ბერკეტები და ბრტყელტუჩები
ფუტკრის ნესტრები
აბლაბუდას ქსელები
- - - - - - - - - - - - - - -
და მაინც
არაფერი შეიცვლებოდა
დავწერდით ისე, როგორც ახლა -
მოწყენილობისგან
სასოწარკვეთილებისგან
მელანქოლიით დაპურებულები.
და სიკვდილიც ისეთივე გამჭვირვალე იქნებოდა
როგორიც დილა,
ნემსიყლაპიას პაწია თვალებში,
როგორც ბალერინების ცეკვა ედელვაისთა შორის,
ძროხის ბღავილის აკომპანემენტით.


ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.