გიტის ნორვილასი

შენი სხეულის უდაბნოში ვეხეტებოდი

უდაბნო იყო სხეული შენი და ვხეტიალობდი. წყურვილს ვუკლავდი აქლემს შენი ჭიპიდან. ქარსაცავი იყო შენი მკერდის ბორცვები, სადაც მხურვალე კანის საფარში თავს აფარებდნენ გველები და მორიელები. იერიქონის ვარდის ფუცლები მიმოეფანტა ქარს. მე განვაგრძობდი ხეტიალს შენი მოუხელთებელი, მწველი სხეულის უდაბნოში. ვერ მოვიპოვე სიმშვიდის წერტილი, რომელიც მომცემდა ნიშანს დასასრულის, რასაც ახლავს სიმშვიდე. წყურვილისგან გამიშრა სასა და სანუგეშოდ არსად მოჩანდა ჩრდილისმაგვარი. მე ვიყავი მწერი - მლოცველი, მომლოდინე დილის ცვარის შენს წამწამებზე. დავეხეტებოდი შენი სხეულის უდაბნოში, მაცდურად მიხმობდნენ სიკვდილის ველისკენ შენი თვალები. გზაზე სანიშნედ გამოეფინნენ შენი ხალები და ვარსკვლავების ნაოჭებში მოჩანდა რუკა, ბრმა ტოპოგრაფებს რომ შეედგინათ. თეძოზე კრთოდა დიდი დათვის თანავარსკვლავედი და მე მთელი ხმით გავყვიროდი: „სიგიჟეა აუტანელი - აქ ვერავინ გასწავლის გზას...“ და ხმა ჩემი იყო ექო ცარიელ ჭაში...
დილა იყო ქვიშის ქარიშხლის.
სულ არაფერი, სარკე ინახავდა შენი თმის ვარცხნას დერეფნის ბოლოს.

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.