რაინერ მარია რილკე
ქვრივის სიმღერა

დასაწყისიდან ამ ცხოვრების შნო და იერი,

რა კარგი იყო, რა თბილი და რა მშვენიერი.

მეგონა მხოლოდ მე ვიყავი მისით ძლიერი,

თურმე ტკბებოდა ნორჩი-კეთილი.

ერთფეროვნებას და შეჩვევას გული მინებდა,

წლებმა წასული წლების კვალში დგომა ინება,

ახლის მიმცემი აღარ იყო მათი დინება,

როგორც შუაში დრო გახლეჩილი.

 

ყოფა არ იყო ჩვენეული ბრალით ნაფერი,

მსგავსი მე და მას აღარ გვქონდა აღარაფერი,

თანაზიარი მოთმენის გარდა.

მოულოდნელის მომლოდინე (და ფერმიხდილი),

ვგრძნობდი რა ცუდად მოდიოდა ჩემსკენ სიკვდილი

და რაც მიჰქონდა მე არ მემართა.

 

რა იყო ჩემი? რა ეკუთვნის ჩემეულ ყოფას?

არცა რა ალბათ. ბედი ამ ჩემს უბადრუკობას

გამომეტებულ გირაოდ ჩათვლის.

ბედნიერებას ბედი ხშირად არყევს ტივივით,

მას სურს მიიღოს უკუგებად კვნესა-კივილი

და იძენს ნანგრევს ხანდაზმულობის.

 

არარაობით ბედისწერა მიგებდა მახეს,

თანდათანობით იტაცებდა ჩემს მეტყველ სახეს,

მკლავდა დღითიდღე ვაჭრობის შიში.

იყიდა ჩემი მომავალი, აწმყო, წარსული,

თავს შემატია ყოვლიერად შემოძარცვული

და გამისწორა მე ანგარიში.

 

 

 

ნატო ინგოროყვა – © 2013. ყველა უფლება დაცულია.